ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაკავებულ აქტივისტს, ლაზარე გრიგორიადისს კვლავ "ორიენტაციაარეულს" უწოდებს. კობახიძემ იგივე თქვა გუშინ, 30 მარტს - "ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული".
კობახიძე ამტკიცებს, რომ აქტივისტი ოპოზიციასთანაა დაკავშირებული.
"ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მოძალადე ახალგაზრდები პირდაპირ დაკავშირებულები იყვნენ რადიკალურ ოპოზიციასთან, ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული მოძალადე ახალგაზრდა დაკავშირებული იყო ბოლშევიკურ ტროიკასთან, ეს არის ვაშაძე-გირჩი-ხოშტარიას სამეული.
ამ ადამიანს აქვს ყველანაირი ორიენტაცია არეული და ეს არის რეალობა, ბევრ რამეს ვგულისხმობ, ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული. ყველანაირი ორიენტაცია არის საინტერესო, როცა შეიძლება, არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამ ორიენტაციასა და პირის ქმედებებს შორის", - თქვა მან.
ცოტა ხნის წინ სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.
გრიგორიადის დაკავების შესახებ შსს-ის განცხადების შემდეგ სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი წარსულში "მამის მიმართ ძალადობაზეა ნასამართლევი".
შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.